სიახლეები
2024 წლის 30 მარტს სასტუმრო „ბილტმორში“, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისადმი და საქართველოში „ისრაელის სახლის“ 35-წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისარაელის ქნესეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები ისრაელიდან, ქართველი და ებრაელი საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები. შეხვედრა გახსნა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში „ისრაელის სახლის“ საქმიანობაზე და მადლობა გადაუხადა ისრაელისა და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს ამ ორი ქვეყნის დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ქნესეთში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი.
გ. მიქანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს სასკოლო კურიკულუმში მეტი ადგილი დაეთმობა ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის საკითხების სწავლებას.
იციკ მოშემ, სხვა უმაღლეს სასწავლელებთან ერთად, მადლობის სიგელით დააჯილდოვა საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათ სკოლის ისტორიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ცირა ჩიკვაიძე. საქართველოს უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც ისტორიის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილ იქნა სასწავლო კურსი ჰოლოკოსტის შესახებ. ც.ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ იციკ მოშეს, ისარელის სახლს და აღნიშნა, რომ საქართველო დგას ისრაელის გვერდით და გმობს ტერორიზმს.