საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში, 25 ოქტომბერს ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა.
ინსტიტუტის გახსნაზე მეცნიერის სახელის უკვდავსაყოფად და ინოვაციური კვლევების წახალისების მიზნით ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია დაწესდა, რომელიც 100 000 ლარს შეადგენს. სამეცნიერო პრემია გამორჩეულ მეცნიერებს სამ წელიწადში ერთხელ მიენიჭებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამ კატეგორიაში: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.
ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილია, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით.
სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტში ამჟამად ექვსი მეცნიერ თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ცოტნე ჯავახიშვილის მოწაფეები არიან. ისინი იზიარებენ ცოტნე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრინციპებს და განაგრძობენ საქმიანობას მისი ხედვის შესაბამისად. ახალგახსნილ ლაბორატორიებთან ერთად, 26 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში ცოტნე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ მისი კოლეგები, ნათესავები და მეგობრები, რომელთაც ერთად გაიხსენეს მეცნიერის მიღწევები.