სიახლეები
10 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში, STEM-ის, იდეების, წიგნის მეგობრებისა და კითხვის კლუბების 2024 წლის მიღწევების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პროექტში მონაწილეობა თბილისის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 45 სკოლის 419 მოსწავლემ მიიღო, რომელთაც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ სერტიფიკატები გადასცა. გარდა ამისა, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს 50 მასწავლებელი და 18 ტრენერი UG განვითარების ცენტრიდან და UG Idealab-დან. შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლამ და სსიპ - თბილისის კლასიკურ გიმნაზიამ გაიმარჯვეს. გამარჯვებულ სკოლებს საქართველოს უნივერსიტეტმა STEM კომპლექტები გადასცა.
საქართველოს უნივერსიტეტმა, როგორც USAID საბაზისო განათლების პროგრამის მთავარმა პარტნიორმა, წარმატებით დანერგა კლუბური აქტივობები და საუნივერსიტეტო კონტრიბუციის ფარგლებში შესაბამისი რესურსებით უზრუნველყო 45 საჯარო სკოლის 419 მოსწავლის ჩართვა შემეცნებითი და ინოვაციებთან დაკავშირებულ აქტივობებში.
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად ქმნის ეფექტურ ინსტრუმენტებს და შესაძლებლობებს სტუდენტების და მოსწავლეების ინოვაციური მომავლისთვის. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასთან ერთად, საერთო ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების ხარისხის ამაღლებასა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.