სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციულ მედიაციის კონკურსში ნახევარ ფინალში ითამაშა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
კომერციული მედიაციის კონკურსი ეს არის ერთგვარი პლატფორმა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, დაამკვიდრონ მედიაციის პრაქტიკა და განიხილონ პროცესის გაუმჯობესების გზები.
შეჯიბრი ყოველწლიურად თებერვალში პარიზში იმართება და მასში კონკურსის წესით შერჩეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 66 გუნდი იღებს მონაწილეობას. კონკურსის მოსამზადებელი პერიოდი შრომატევადია, ამ პერიოდში კი სტუდენტები რადიკალურად იცვლებიან, რადგან ეს კონკურსი მოითხოვს, რომ საკითხებს შეხედო განსხვავებულად, ისწავლო განსხვავებული აზრის მოსმენა, მიღება და სხვა ადამიანების პერსპექტივიდან ყურება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში ითამაშა ისეთი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომლებსაც ძალიან კარგად განვითარებული მედიაციის კლინიკები აქვთ, მათ შორის Benjamin Cardozo School of Law (აშშ); Sao Paolo Law School (ბრაზილია);Aarhus University (დანია); University of Montreal (კანადა) და სხვა. ბოლო რაუნდში კი კონკურსის ფავორიტ, ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის გუნდთან იასპარეზა, რომელიც ფინალის გამარჯვებულიც გახდა.
სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას სამართლის, მედიაციის და არბიტრაჟის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ეს განაპირობებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლა ყველანაირ ხარჯს უნაზღაურებს, აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტებს სპეციალურად შერჩეული ქართველი და ამერიკელი ქოუჩები წვრთნიან.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს მორიგი გამოწვევა ჯერ გაზაფხულზე INDR - საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრზე, ხოლო ზაფხულში ავსტრიაში დაგეგმილ დავის ალტერნატიული გადაჭრის საშუალებების - DRC კონკურსზე ელოდება, სადაც სამართლის გუნდი უკვე შერჩეულია საუკეთესო მომლაპარაკებელ 22 გუნდს შორის.