ერთ-ერთი ყველაზე სწორი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც 4 წლის წინ მივიღე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის არჩევა იყო. ვფიქრობ, იმ შესაძლებლობებმა, რაც UG-იმ მომცა, ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს, როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ განვითარებაში.
როცა გაცვლითი პროგრამისთვის აპლიკაციას ვავსებდი, საპიენცას უნივერსიტეტი (Università di Roma - La Sapienza) ჩემი ერთადერთი არჩევანი იყო, რადგან დანამდვილებით ვიცოდი, რომ ამ უნივერსიტეტს შეეძლო შემოეთავაზებინა სწავლების უმაღლესი ხარისხი და დიდი გამოცდილება; ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საუკეთესო და ძველი უნივერსიტეტია, რომლის ისტორია მე-14 საუკუნიდან იწყება.
European Studies, რაზეც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი, საერთაშორისო, ინტერდისციპლინური და კვლევაზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამაა. სამართლისა და ეკონომიკის თანამედროვე მეთოდების და მიდგომების შერწყმით, პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი დონის პროფესიონალთა მომზადებას, რომლებიც იმუშავებენ გლობალურ-საერთაშორისო, ეკონომიკურ და იურიდიულ კონტექსტში და ხელს შეუწყობენ ევროინტეგრაციის განვითარებას.
საზღვარგარეთ სწავლა, დაუვიწყარი იყო ემოციებით, სირთულეებით, გამოცდილებით, მრავალფეროვნებით და სიახლეებით, რომლებმაც საშუალება მომცა: ჩავრთულიყავი ახალი ცხოვრების რიტმში, გამეცნო უცხო ქვეყნის კულტურა, რაც მთავარია, მიმეღო დასავლური სტანდარტების აკადემიური განათლება. ამ პერიოდმა მეტად დამოუკიდებელი გამხადა და ცხადად დამანახა, რომ შრომით და მონდომებით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ეს ყოველივე