რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი ქ. ბუქარესტში აღმოჩნდა პროგრესული, სიახლეებითა და სიურპრიზებით სავსე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. გარემო, რომელშიც თითქმის ნახევარი წელი გავატარე, იყო საერთაშორისო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ინგლისურენოვანი პროგრამებიდან ერთ-ერთს, საერთაშორისო ბიზნესს ვსწავლობდი და მივიღე პრაქტიკული ცოდნა გამოცდილი პროფესორებისგან, გამორჩეული და რელევანტული თეორიული მასალა და დარგობრივი რჩევები სპეციალისტებისგან. აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს, დაგვახვედრეს ტოლერანტული, პლურალისტული ატმოსფერო, გვაზიარეს ქვეყნის კულტურას, ამრიგად ადაპტაციის პროცესში ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ.
ვფიქრობ, რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სილაბუსები მაქსიმალურად ეფექტიანად არის შედგენილი, ლექციები და სემინარები კი მაქსიმალურად ასრულებდნენ დაკისრებულ ფუნქციებს.
ამ ყველაფრის ფონზე კი აღსანიშნავია, რომ რუმინეთი მართლაც მისტიური, ფერადი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქვეყანა არის. დრაკულას სასახლე და მიმდებარე ქალაქები, როგორიც არის ბრაშოვი, კლუჟ-ნაპოკა, სიგიშოარა, კონსტანცა გულგრილს არავის დატოვებს!
ბოლოს კი, სრული თავდაჯერებულობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქში, ამ უნივერსიტეტში მეორედ აუცილებლად დავბრუნდებოდი.
რუმინეთს ვუსურვებ მდგრად განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპის წარმატებულად შესრულებას.